ჟურნალი ნომერი 7 ∘ ნინო შიომღვდლიშვილი „ვეფხისტყაოსანი“ და აღმოსავლური ლიტერატურაშენიშნულია, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ისეთი სპარსიზმები და არაბიზმები გვხვდება, რომლებიც იმდროის ქართულ სალიტერატურო ენასა თუ მხატვრულ ტექსტებში არ შეინიშნება. ეს ფაქტი მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ შოთა რუსთველმა კარგად იცოდა სპარსული და არაბული ენები და ამ ენებზე შექმნილი დიდი ლიტერატურაც. მისთვის უცხო არც „სისხლის ცრემლებია“, არც რეტდასხმული, ველადგაჭრილი გახელებული პერსონაჟი, რომელსაც თითქოს გრძნობათა სიძლიერეში აჯიბრებს აღმოსავლური ამბების გმირებს [იქნება ეს ვისი, რამინი თუ რამა]: „იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა“ [რუსთაველი, 2017, გვ. 61], „ფატმანს ჰკლავდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა“ [რუსთაველი, 2017, გვ. 312].
აღმოსავლური ნიუანსები გვხვდება ყველა თავში, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშავია სწორედ გრძნობათა სამყაროა და ამის თაობაზე პროლოგშივე მიგვანიშნებს ავტორი: „მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“ [რუსთაველი, 2017, გვ. 14].
„ვეფხისტყაოსანში“ ქართული რეალობა აღმოსავლურ ქარგაზეა გაშლილი. ბევრი საერთო მომენტი გამოვლინდა „რამაიანასთან“, „ვისრამიანთან“, „ლეილმაჯნუ-ნიანთან“ და „შაჰნამესთან“ და უძველეს „გილგამეშის ეპოსთანაც“ კი.
ანტიკური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით ადამიანი სულთა სამეფოში ცხვრობდა, ღვთაებრიობა დაკარგა და მატერიალურ სამყაროში ჩამოვიდა, სადაც მარადჟამ უკან დასაბრუნებელ გზას ეძებს. ამგვარი შეხედულების მიხედვით იგებოდა ნაწარმოებები ძველ საბერძნეთში, ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთში. ხალხთა საკრალურ გადმოცემებში გვხვდება პირველყოფილი ადამიანი, ანდროგინი, რომელიც სულის მამრობით და მდედრობით პრინციპებად მერე დაიყო. სამოთხეში დაკარგული ხე, განასახიერებდა დაკარგულ ცხოვრებას და ეს ხე იყო ცნობიერება, შემეცნების წყარო, რომელიც უკავშირდებოდა ქალურ საწყისებს. ეს კონცეფცია გვხვდება გილგამეშის ეპოსშიც და ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც [გავიხსენოთ ჰერაკლეს შესვლა ჰესპერიდების ბაღნარში]. დაკარგული სამოთხის გზით, ცხოვრების ხის პოვნით ანიმუსა და ანიმა ერთმანეთს შეერწყმიან, მიიღებენ ლოგოსს და სოფიას, რომელთაც ცოდვით დაცემის შემდეგ მოკლებულნი იყვნენ. კაცობრიობის ნოსტალგია ცხოვრების ხის თუ სამოთხისეული ყოფის მიმართ ოდითგან კოდირებული იყო ადამიანის გონებაში და სწორედ ამიტომ თანხვდება ერთმანეთს ეპიკური თხზულებები, ამიტომ ერთიანდებიან ისინი ერთი უნივერსალური ფაბულის ქვეშ.
„რამაიანა“ და „ვეფხისტყაოსანი“ ზოგადკაცობრიულ სიბრძნეს აერთიანებენ. სიტას და ნესტანის გამოხსნა სულის ევოლუცის სიმბოლური ასახვაა: ჩამოსვლა, მატერიალურ სამყაროში გამოკეტვა და ამავე მატერიალური სამყაროსგან გათავისუფლება – ზეაღსვლა. რამა არის ვიშნუს ავატრა, ანუ უმაღლესი „მე“. ვიშნუ კი განკაცდა, რათა იხსნას კაცობრიობა. სიტა არის ლაკშმის ავატარა – უმაღლესი სიბრძნე. სიტას „ხნულს“ ნიშნავს. სიტა არის ის, რაც ჭეშმარიტების გზით უნდა აღმოცენდეს მიწიდან. ინდოლოგთა აზრით, რამას მითოსური არქეტიპი არის ინდრა. გვიანდელ ვედურ პერიოდში სიტა ინდრას მეუღლეა. ინდრა კი ძველ სამყაროში ცნობილია, როგორც ტარუ, ვეფხის ტყავით შემოსილი ღვთაება. ზოგი მეცნიერის აზრით, რუსთაველის პოემის მთავარი გმირის, ტარიელის მითოსური არქეტიპი სწორედ ტარუა. უნდა აღვნიშნოთ, რომ რამაც „ვეფხიტყაოსანია“, მის მხედრობას ვეფხის ტყავის ალამი აქვს. სიტას და რამას, ისევე როგორც ტარიელსა და ნესტანს ჰომოგენური მითოსური არქეტიპები ჰყავთ და ამიტომაც თანხვდება ამ ორი ამბის ფაბულა.
რამას და სიტას ტყეში ცხოვრება სულის პირვანდელი, ცოდვით დაცემამდელი მდგომარეობაა. ასე ხედავენ ტარიელისა და ნესტანის მამისეულ წალკოტში ცხოვრებასაც. ასეთ ყოფაში ანდროგინი ერთიანია. დავარის მონების მიერ ნესტანის გატაცება და რავანას ლაკშასების მიერ სიტას მოტაცებაც ერთი ამბავია, იდენტური სიმბოლური დატვირთვით. ქაჯეთი და ლანკა კი სურვილთა და ვნებათა სამეფოა, რომელშიც სულია დატყვევებული. ეს სიკვდილის საუფლოა, ქვესკნელი.
„რამაიანას“ აოდჰის მოხუცი მეფე ინდოეთის მეფე ფარსადანს მოგვაგონებს. მთავარი გმირები მშობლიურ მხარეებს, სულთა სამეფოებს სცილდებიან. აქედან იწყება მათი უბედურება, რომელიც რამაიანაში აოდჰის, ვეფხისტყაოსანში კი ფარსადანის ,,დამსახურებაა“; სისუსტის და მცდარი გადაწყვეტილებების შედეგია და ორივე შემთხვევაში სახეზეა ძველი სიბრძნის კრიზისი.
„რამაიანას“ სამი გმირი „ვეფხისტყაოსნის“ სამ მეგობარს ჰგავს. დაწყვილებაც კი შეიძლება მათი როლისა თუ თვისებების მიხედვით: რამა - ტარიელი, ჰანუმანი - ავთანდილი და ლაკშმანა - ფრიდონი. რამა ღვთის სახეა, ჰანუმანი და ლაკშმანა კი მისი უნარები: ინტელექტი და გონება. ტარიელიც ღვთის სახე და ლოგოსია, ზოგი რუსთველოლოგის აზრით; ავთანდილი – ლოგოსიდან მომდინარე გონიერება, ინტელექტი, ხოლო ფრიდონი – ლოგოსიდან მომდინარე სასოებისა და ეთიკის განსახიერება.
„რამაიანას“ ვიბჰიშანი ფუნქციურად ფატმანსა და მის გრძნეულ მონას მოგვაგონებს. ჰაერით უკავშრდება ქაჯეთის ციხეს და ფატმანისთვის ინფორმაცია მოაქვს. ჰანუმანი პოულობს სიტას, გრძნეული მონა – ნესტანს. ეს პერსონაჟები სიბრძნის გზის გამკვალავნი არიან.
რამას მიერ სიტას თუ ტარიელის მიერ ნესტანის ძებნა [ბევრი სხვა მსგავსი სიუჟეტი] ანიმუსის მიერ ანიმას, სულის მიერ ღვთის ძიება და მისი შერთვაა, რასაც უამრავი პარალელი დაეძებნება მსოფლიო ლიტერატურაში.
ანიმუსისა და ანიმას შეხვედრა მზისა და მთვარის შეერთებას ჰგავს. ინდურ იოგაში მას ეწოდება „ჰათჰა“ [„ჰა“ არის მზე, ხოლო „თჰა“ – მთვარე]. „ვეფხისტყაოსანში“ ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ ტარიელისა და ნესტანის შეხვედრა შედარებულია სწორედ „ჰათჰასთან“.
„ნახეს, მზისა შესახვედრად გამოეშვა მთვარე გველსა“.
[რუსთაველი, 2017, გვ. 402]
აღმოსავლური ლიტერატურის კიდევ ერთი მარგალიტი, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ აურეკლავს სარგის თმოგველის ნათარგმნი „ვისრამიანია“ – თხზულება თავისუფალი აზრების, ადამიანური გრძნობების, ვნებათა ქარტეხილების შესახებ. „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ქალებს მზითევში „ვისრამიანსაც“ ატანდნენ. მთავარი, რითაც „ვისრამიანი“ „ვეფხისტყაოსანს“ ეხმიანება, არის ის, რომ ორივე ნაწარმოებში ადამიანები იბრძვიან სიყვარულისთვის და ღირსებისთვის. ვისი და ნესტანი არიან პერსონაჟები, რომელთა ღირსება, პირადი, თავისუფალი ნება შეილახა და იბრძვიან მათი აღდგენისათვის.
ეპიზოდურ მსგავსებებს აქაც ვხედავთ. მაგალითად, ტარიელი სააშიკო ურთიერთობას იწყებს ნესტანის გამოგზავნილ ასმათთან, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, რომ ამით სატრფოს ღალატობს. „ვისრამიანში“ რამინი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ძიძასთან და არ თვლის, რომ ამით თავის სიყვარულს ღალატობს; ვისი და რამინი ისევე, როგორც ნესტანი და ტარიელი, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ერთად იზრდებოდნენ და შემდეგ დააშორეს. აღსანიშნავია წყვილთა პირველი შეხვედრაც ბავშვობის შემდეგ. ნესტანი პირველად რომ დაინახა, ტარიელი „დაბნდა“, სამი დღე გონს ვერ მოვიდა. ასე დაემართა რამინს, როდესაც პირველად დაინახა გაზრდილი და დამშვენებული ვისი.
„ვეფხისტყაოსნის“ ფარული საზრისის ამოხსნისთვის უძველესი ეპოსს, „გილგამეშიანსაც“ მოიხმობენ ხოლმე, რადგან ტექსტებს შორის გარეგანი მოტივების მსგავსება შეიმჩნევა. პირველად მიხაკო წერეთელმა შეამჩნია ეს მსგავსება, მოგვიანებით ტიტე მარგველაშვილმა განაგრძო კვლევა.
გავიხსენოთ, როგორია გმირების ცხოვრების წესი: ტარიელი ტყეში გაიჭრა, ცხოველებთან ერთად ცხოვრობს, მათ ხორცს ჭამს, ვეფხვის ტყავს ატარებს:
„მაგრამ დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი,
სახლად სამყოფი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი,
გავიჭერ, სრულად დავსტკეპნე ქვე მინდორი და ზე მთანი.“
[რუსთაველი, 2017, გვ. 190]
„ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ ვბნდები“ [რუსთაველი, 2017, გვ 190]
„მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრივ მხსენები.“
[რუსთაველი, 2017, გვ. 190].
„მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არა კაცსა არ იახლებს, საუბრად და შემაქცევრად“
[რუსთაველი, 2017, გვ. 79].
– ეს სტრიქონები ტარიელის ყოფას აღგვიწერს, მაგრამ იმავე სიტყვებით გილგამეშის ყოფაც შეიძლება აღწეროს.
მოვიგონოთ, როგორი მეგობრობა იციან ორივე ტექსტის პერსონაჟებმა: გილგამეში და ენქიდუ თავიანთი გულწრფელი მეგობრობით ავთანდილსა და ტარიელს ემსგავსებიან. როგორ დამეგობრდნენ ენქიდუ და გილგამეში: „აკოცეს ერთმანეთს და ძმობა შეჰფიცეს“. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებიც ასე ხვდებიან ერთმანეთს: „მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდესო“ – ამბობს რუსთაველი.
გილგამეში კედარის ტყეში წასვლას გადწყვეტს, რათა ჰუმბაბას მოერიოს. ის ყმებს ემშვიდობება და სიტყვით მიმართავს. უხუცესები გადაწყვეტილებას არ უწონებენ, ამბობენ, რომ სიცოცხლეს საფრთხეში არ უნდა იგდებდეს მათი მმართველი. ეს მომენტი მოგვაგონებს ავთანდილისა და შერმადინის დიალოგს, ავთანდილის ყმებისადმი მიმართვას.
გილგამეში უთანაფიშთისკენ მიემართება. გზად ლომები შეხვდა და დახოცა:
„მაშინ გილგამეშმა ხელთ იპყრა ნაჯახი,
და სარტყელიდან მახვილი იშიშვლა
მათ შორის შევარდა ვითარცა ისარი
გაჟლიტა ლომები, ნაკუწად აქცია.“ [გილგამეშიანი, 2009, გვ 119].
ეს მონაკვეთი გვახსენებს ტარიელის ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავს. მართალია, მიზეზი და მიზანი გმირების საქციელისა სხვადასხვაა, მაგრამ გახელებული მდგომარეობა და ეპოზოდის ფსიქოლოგიზმი ერთნაირია.
გილგამეში არის უფლისწულია, ურუქუს მმართველი, ავთანდილი და ტარიელიც მმართველები არიან. მშვენებით, ძლიერებით, სიმამაცით გამოირჩევიან. მშობლიური მიწისგან მოშორებით დაეძებენ ბედნიერებას, არსებული და მარტივად მისაღწევი მათ არ აკმაყოფილებთ. გმირების მიზანია მიწიერი ბედნიერების მოპოვება, სიყვარულის ძიება და სასურველი შეერთება სატრფოსთან. იკვეთება საერთო მოტივები: სიყვარული, მეგობრობა, ძმადნაფიცობა, ცხოველის ტყავის სიმბოლიკა. თუმცა, კიდევ ერთი უმთავრესი მოტივია ჩანს – პატივმოყვარეობა. „გილგამეშიანიც“ და „ვეფხისტყაოსანიც“ გმირის სახელმოხვეჭილობას უმღერის.
არაბულ ლიტერატურასა და მეცნიერებას დასავლეთის ლიტერატურასა და კულტურაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობდა, რომ შეუძლებელი იყო არაბული პოეზიის ზეგავლენა დასავლურ ლიტერატურაზე. ავიღოთ თუნდაც ქალის კულტი, რომელიც არაბული კულტურისთვის, რომელსაც ქალი მონად მიაჩნდა, უფუნქციო არსებად ესახებოდა, სრულიად უცხო იყო. ზვიად გამსახურდია აღნიშნავს, რომ არაბული პოეზია და ფილოსოფია, რომელთაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს დასავლეთის ხელოვნებასა თუ მსოფლმხედ¬ველობაზე, თავად იყო დაპირისპირებული ისლამურ დოგმებსო და ეს გახლავთ სწორედ სუფიზმი.
სუფისტების მთავარი დოქტრინა - „იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნის“. ისინი განცხრომას, ნირვანას ამ ქვეყანაშივე პოულობდნენ და სიმბოლოებით გამოხატავდნენ თავიანთ სათქმელს. სუფიები მიჯნური პოეტები იყვნენ, მათ სავალ გზას „გზა მიჯნურობისა“, „იშყი მაჯაზი“ ეწოდება.
სუფისტური რწმენა-წარმოდგენების შესწავლამდე არაბულ პოეზია გაუგებარი რჩებოდა. სანამ მისი სიმბოლური ხასიათი არ გაიხსნა, სანამ მხატვრული მეტყველების თავისებურება არ გაირკვა, არც დაფასება ჰქონდა. შოთა რუსთაველმა კი, როგორც ჩანს, თავიდანვე იცოდა ამ იდეოლოგიის არსი. ალბათ ამიტომაა, რომ პოემაში სუფისტური სუბსტანციებს ხედავენ. „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურობის კონცეფცია, რომელიც ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის კონცეფციითაა ნასაზრდოები, წმინდა აღმოსავლურ ტენდენციებსაც ეხმიანება.
რუსთველის შეყვარებული პერსონაჟი გაშმაგებული, გახელებულია, სისხლის ცრემლებით ტირის და შორით იდაგება. არაბთა ერთი ტომია „ბანუ ოდჰრა“ [ანუ „სიწმინდის ძენი“]. ამ ტომის პოეტი – ჯამილი მიჯნურის სიყვარულის გამო გარდაიცვალა, ბოლომდე დაიცვა სიწმინდე. მის პოეზიაში ასახულია მიჯნურის სულის რომანტიკული ლტოლვა სატრფოსადმი , „იშყი მაჯაზი“, რომელიც სიკვდილს ამჯობინებს თავისი გრძნობების შებღალვას ამქვეყნიური ვნებით.
ესპანეთის არაბი პოეტი იბნ ელ არაბი, რუსთაველის მსგავსად, მიწიერ სიყვარულს იყენებს საღვთო სიყვარულის ასახვისთვის. მიჯნური ქალი მისთვის ღვთის სიმბოლოა და მისადმი ლტოლვა სულის ღმერთთან შერთვაა. მის პოეზიაში ტანჯვა, შორით დაგვა, ოხვრა არის ალეგორიული. იბნ ელ არაბიმ შექმნა სასიყვარული ლექსების ციკლი, რომელსაც უწოდა „სიყვარულის თარჯიმანი“, ამ კრებულმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ყველას მიწიერი სიყვარულის ხოტბა ეგონა. პოეტმა შემდეგ დაწერა განმარტებები თუ რას გულისხმობდა. გავიხსენოთ შოთა რუსთველის პროლოგის სტროფები:
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
[რუსთაველი, 2017, გვ. 14]
ზვიად გამსახურდია თვლის, რომ იბნ ელ არაბი და შოთა რუსთაველი ერთ სიტუაციაში არიან, მათ სურთ, ისაუბრონ ზეციური გრძნობების შესახებ, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ აკეთებენ და სამიჯნური ამბებით ფუთავენ თავიანთ ღრმად ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას.
იბნ ელ არაბიმ სიცოცხლეშივე დაწერა თავისი ნაშრომების განმარტება, შოთა რუსთაველმა პროლოგში მიგვითითა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღესაც ამ ორი პოეტის შემოქმედებითი მეთოდის იდენტობაზე ბევრი დაობს. მსგავსი ბედი ეწია ომარ ხაიამის პოეზიას, არის მკითხველი, რომელიც ღვინის და ქალის მოყვარულ ხაიამს იცნობს და არის მკითხველი, რომელიც მის პოეზიაში ღრმა აზრს ხედავს. ასე დაიყო სააქართველოშიც რუსთაველის აღქმის ტენდენციაც, ვახტანგ მეფე თვლიდა, რომ ეს ზნემაღალი ფილოსოფიური პოემა იყო, ხოლო სასულიერო პირთა ნაწილი სიძვის წიგნად მიიჩნევდა.
მიჯნურობის თემა სუფიზმში უმთავრესია, რადგან ამსოფლიური გრძნობების ანალოგიით სუფისტი ადამიანს ღვთიური სიყვარულის შემეცნებაში ეხმარება.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის მსოფლმხედ¬ველობაში სუფიზმი აბსოლუტური გამოვლინებით არ გვხვდება. მთავარი განსხვავება ის არის, რომ სუფიზმი ღმერთთან საბოლოო განზავებას, საკუთარი პიროვნების დაკარგვას და ღვთის პიროვნებად ქცევას გულისხმობს. რუსთაველის „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ კი არ გულისხმობს პიროვნული იდენტობის დაკარგვას. აქ ადამიანი შეერწყმის ღვთიურს, მაგრამ ინარჩუნებს პიროვნებას.
დასასრულს, ვიტყოდი, რომ ზემოთ განხილული აღმოსავლური ლიტერატურის საკითხები, პასაჟები თუ იდეოლოგიები მიგვითითებს თუ რა კარგად იცნობდა აღმოსავლურ ლიტერატურას რუსთაველი და მის ნაწარმოებზე სწორედ ამიტომ დატოვა დიდი კვალი. როგორც ჩანს, დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა აღმოსავლური ნაკადი საქართველოში და ეს კულტურულ დიალოგზე მიგვითითებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 105, N3, მარტი, 1962
2. ნათაძე ნ., შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“, სასკოლო გამოცემა, თბილისი, 2017 წ. გვ.61, 312.
3. წერეთელი მ., გილგამეშიანი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 წ.
4. კიკნაძე ზ., გილგამეშიანი, ფონდი „მემკვიდრეობა“, თბილისი, 2009 წ.
5. გამსახურდია ზ, ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“, თბილისი, 1991 წ.
6. ,,ვეფხისტყაოსანი“ და ,,გილგამეში“- ტიტე მარგველაშვილი.
http://rustvelli.yolasite.com/parallels-rustaveli-gilgamesh.php
7. ხინთიბიძე ე., „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, გამომც. „ქართველოლოგი“, თბილისი, 2009 წ.
http://kartvelologi.tsu.ge/public/ge/arqive/14/1